ოპოზიციაშიც ვიყავი და მთავრობაშიც. ყველაფერი გამოცდილი მაქვს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ გვჭირდება ხელისუფლება, მაგრამ გვჭირდება ოპოზიციაც, რათა მათ მთავრობის კონტროლი შეძლონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ხშირად ის ოპონენტების პოლიტიკურ მოსაზრებებს არ ეთანხმება, თუმცა ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს მათი უფლებების დასაცავად.
„მე გერმანიიდან ვარ. ოპოზიციაშიც ვიყავი და მთავრობაშიც. ყველაფერი გამოცდილი მაქვს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ გვჭირდება ხელისუფლება, მაგრამ გვჭირდება ოპოზიციაც, რათა მათ მთავრობის კონტროლი შეძლონ. ეს არის დემოკრატია. პოლიტიკური კულტურა და პატივისცემა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. პატივისცემის გამოხატვა უმთავრესია. ძალიან ხშირად, მე არ ვეთანხმები მაგალითად, ოპონენტების პოლიტიკურ მოსაზრებებს, მაგრამ გავაკეთებ ყოველთვის ყველაფერს მათი უფლებების დასაცავად, რათა მათ გამოხატონ მოსაზრებები. ასეც ვიტყოდი, დემოკრატიაში ვიღაცას იმის უფლებაც აქვს, რომ ნონსენსზე ილაპარაკოს. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. მე ამას ყოველთვის დავიცავ. მე მთავრობაში ყოფნისას ოპოზიცია მაკრიტიკებდა და ამით ბედნიერი არ ვყოფილვარ. ვინ იქნება ბედნიერი, როდესაც მას ოპოზიცია აკრიტიკებს, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს მათი უფლება იყო და უფრო მეტიც - ვალდებულება“, - განაცხადა მაკალისტერმა.