მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი დაანებოს ელჩებზე თავდასხმას, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი დაანებოს ელჩებზე თავდასხმას, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ

მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი დაანებოს დასავლეთზე, ელჩებსა და ასეთ ხალხზე თავდასხმას, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ, - ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებსა და ელჩებზე თავდასხმა, როდესაც მათი განცხადებები ოპოზიციისთვის მიუღებელია, ახალი არ არის. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სიტყვა „ჰეითერობა“ სოციალურ ქსელებში ძალიან აქტუალური გახდა.

„ზიზღისა და სიძულვილის ენა და ამ გზით საკუთარი პოზიციის გამოხატვა ეს ძალიან ცუდია. როდესაც ჩვენი ოპონენტების მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს რომელიმე განცხადება, თუნდაც ეს იყოს ისეთი სიმართლე, რომელიც მწარე სიმართლის სახით ევლინებათ მათ, ამ დროს ისინი ცდილობენ თავს დაესხან, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დასავლეთი, ევროკავშირი ამ ინსტიტუტსაც კი. ამას კადრულობენ, ბედავენ, რაც სამწუხაროა. მოვუწოდებ მათ თავი დაანებონ დასავლეთზე, ელჩებსა და ასეთ ხალხზე თავდასხმას, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ და ამასაც არ ერიდებიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა: ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი.

ჟოზეფ ბორელი ქართული ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების თავდასხმის ობიექტი გახდა.