ძალიან ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ AstraZeneca-ს წინააღმდეგ ევროკავშირის დიდი ქვეყნების შეთანხმებული „დარტყმა“ ძირითადად პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული, - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული Facebook-ზე წერს.
მისივე თქმით, ბევრმა მტკიცებულებამ უკვე გაჟონა პრესაში და, როგორც ჩანს, ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაიდება გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი „ანტიბრიტანული ოპერაციის“ შესახებ.
„ტყუილად არ დაიბეჭდა გასულ თვეში გერმანულ Bild-ში სტატია სათაურით „ძვირფასო ბრიტანელებო, ჩვენ თქვენი გვშურს!“. ბევრი საინტერესო „აღმოჩენის“ მოწმენი გავხდებით. კრიმინალის რანგში აყვანილი საოცარი უსინდისობაა, ადამიანების შიშისა და ნერვიულობის ხარჯზე პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გამოუძიებელი არ და ვერ დარჩება. მანამ კი. AstraZeneca-თი უკვე აცრილებს არა აქვთ პანიკის ობიექტური საფუძველი. ორიოდე კვირაში ბევრი რამ გაირკვევა. იმედია, საქართველოს ოფიციოზი დაამშვიდებს საზოგადოებას და ვაქცინაციის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანამ დროულად და უმტკივნეულოდ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა“, - წერს გურული.
მოგვიანებით ამ თემას მან კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა, რომელშიც აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, AstraZeneca-სთან დაკავშირებული აურზაური ევროკავშირის გერმანულ-ფრანგულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს „განდგომილი“ ბრიტანეთის მიმართ.
„ჩემი მსჯელობა უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი არ ყოფილა, ის ფაქტებს ემყარება. ფაქტებს, რომლებსაც მოძიება და ერთად ლოგიკური დალაგება სჭირდება. შევეცადე გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით დამეწერა ეს სტატუსი, რათა პრიმიტიული ანტიგერმანული განწყობა არ დამბრალდეს. ვოლფგანგ მიუნხაუ ცნობილი გერმანელი ჟურნალისტია. ის Financial Times-ის ასოცირებული რედაქტორია და ყოველკვირეულ სტატიებს წერს ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკის შესახებ.
„ჩვენი ყველაზე უარესი პოლიტიკური შეცდომა“ - ასე ერქვა მიმოხილვას, რომელიც მან 23 იანვარს გამოაქვეყნა. „ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებული კატასტროფული პოლიტიკით ევროკავშირმა დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა: მათ რაციონალური მიზეზი მისცეს ადამიანებს, წინ აღდგომოდნენ ევროპულ ინტეგრაციას“, - წერს მიუნხაუ.
პანდემიამ ბევრი პოლიტიკური „თავი“ გააგორა და იმსხვერპლა. ეს ბუნებრივი იყო. პანდემია ომია და ომს ძალიან კომპლექსური პოლიტიკურ-ეკონომიკური მიდგომა სჭირდება. ამერიკამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ იმუშავა როგორც ვაქცინების განვითარების, ასევე მისი ბიუროკრატიული მხარის ეფექტურად, უმოკლეს ვადებში მოგვარების კუთხით. „ზოზინა, ბებერი კუ“ - ასე უწოდა FDA-ის ტრამპმა, უჩვეულოდ სწრაფად „დაფაცურდა“ და გზა გაუხსნა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის ოფიციალურ აღიარებას. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განვითარების ისტორია სპეციალურ სტატიას იმსახურებს, რადგან ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო „გემბლინგი“, როდესაც დაახლოებით 2-მილიარდიანი ფსონით წახალისებულმა კერძო კომპანიებმა უმოკლეს დროში მოახერხეს უახლესი ტექნოლოგიების ეფექტურად ამუშავება და თვეების განმავლობაში შეძლეს შთამბეჭდავი „იარაღის“ შექმნა. ოპერაცია „კოსმოსური სისწრაფე“ ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
რას აკეთებდა ამ დროს ევროკავშირი? ამერიკის სრულყოფილმა საპირწონე ფინანსურმა მონსტრმა არათუ ვაქცინების განვითარება ვერ შეძლო, (მაშინ როდესაც ამას თავისუფლად გაუმკლავდა რუსეთი), არამედ გამზადებული ვაქცინების დროული დაბევება და შესყიდვაც ვერ მოახერხა; რადგან, როგორც ბატონი ვოლფგანგი მოხდენილად აღნიშნავს, ევროკავშირს ჰიპოთეტურადაც კი არ გააჩნია ამერიკული პრინციპი: Whatever it takes! (რადაც არ უნდა დაჯდეს!) და ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს „ცენტებზე“ ევაჭრა უკანასკნელი წუწურაქივით.
„ტრიანგულაცია ბრიუსელის, გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკურ ინტერესებს შორის - ეს არის ის, რითაც სულდგმულობს ევროკავშირი“ - ესეც ვოლფგანგ მიუნხაუს შეფასება გახლავთ. ეს არ იყო უბრალო შეცდომა. ამ შეცდომის მიღმა მილიონობით ადამიანის დაკარგული სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას. ასეთ შეცდომებს მარტო თანამდებობიდან გადადგომა არ მოჰყვება ხოლმე, უფრო სერიოზული შედეგები ექნება. და ევროკავშირის ამ კატასტროფული ფიასკოს ფონზე „განდგომილი“ ბრიტანეთი თავისი ვაქცინით ფრიად სოლიდურად გამოიყურება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, ამჟამად ემპირიულად, რომ დროულად ჩამოსცილდა ევროკავშირის ბიუროკრატიულ მონსტრს და ამით მილიონობით საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.
აი, ეს გახლავთ მოკლედ იმ პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვა, რომელიც ფონად დაედო AstraZeneca-სთან დაკავშირებულ „სამედიცინო“ კრიზისს. ვინაიდან გრძელ სტატუსებს ქართველი მკითხველი დიდად არ სწყალობს, დანარჩენს შემდგომ სტატიებში განვავრცობ“, - წერს გურული.