ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგის მხარეთა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობა დღესაც გაგრძელდება.
„ყველა მხარე კვლავ კონსტრუქციულად არის განწყობილი და ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება. ჩვენ გვექნება შეხვედრები, სანამ ეს აუცილებელი იქნება”, - განაცხადა დანიელსონმა.
კითხვაზე, დაახლოვდა თუ არა მხარეთა პოზიციები ყველაზე რთულ საკითხებზე, დანიელსონმა ამაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ მუშაობა დღესაც გაგრძელდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან შეხვედრებს 12 მარტიდან მართავს.