შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: როგორც აღმოჩნდა, ასოცირების საბჭოს საბოლოო ტექსტში ვეძებდით ფრაზებს, რას იტყოდნენ მიმდინარე მედიაციასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: როგორც აღმოჩნდა, ასოცირების საბჭოს საბოლოო ტექსტში ვეძებდით ფრაზებს, რას იტყოდნენ მიმდინარე მედიაციასთან დაკავშირებით

როგორც აღმოჩნდა, მთელი ქვეყანა ვეძებდით ფრაზებს, რას იტყოდნენ მიმდინარე მედიაციასთან დაკავშირებით. არადა, სინამდვილეში, იმ ტექსტში 99% შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ასოცირების საბჭოს მიერ მიღებულ საბოლოო დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილი ოპოზიციასთან დიალოგის საკითხს შეეხო.

„ის, რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილს არც არასდროს სდომებია შეთანხმება, არა მხოლოდ ჩვენი ნათქვამია, არამედ ოპოზიციიდანაც გამოვიდა ამბავი. „მოქალაქეები“, გირჩიც“ აცხადებდა, რომ არის გარკვეული ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც პირდაპირ ტორპედირებენ ამ მოლაპარაკების პროცესს, რომ არ შედგეს მოლაპარაკება და პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი ყველა დეპუტატი. ეს მათ ინტერესში შედის, იმ ადამიანების ინტერესში, რომლებიც ბოლო პერიოდამდე აანონსებდნენ გაზაფხულზე რევოლუციური ტალღის შესახებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამისად, ოპოზიციის ნაწილის ინტერესია, ხელი შეუშალონ ყოველგვარ შეთანხმებას. შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ასოცირების საბჭოს მიერ მიღებულ საბოლოო დოკუმენტზე და აღნიშნა, რომ 5-გვერდიან დოკუმენტში საუბარი არა მედიაციის შესახებაა, არამედ - საქართველოს ევროპულ მომავალზე.

„როგორც აღმოჩნდა, მთელი ქვეყანა ვეძებდით ფრაზებს, რას იტყოდნენ მიმდინარე მედიაციასთან დაკავშირებით. არადა, სინამდვილეში, იმ ტექსტში 99% შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, თუ რა წარმატებას მიაღწია საქართველომ ამ გზაზე, საუბარია 2024 წლის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს გეგმებზე; ასევე, საუბარია იმაზე, რომ ახლა მიდის მუშაობა 2021-27 წლის ასოცირების დღის წესრიგზე. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოება და მათ შორის ჩვენი ოპონენტები, ჩართული იყვნენ ამ პროცესში, ნაცვლად ამისა, დღის წესრიგი სხვაგან გადაჰყავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.