ხშირად, პირველადი ჯანდაცვა ხასიათდება, როგორც ჯანდაცვის სისტემის ხერხემალი. ამ სისტემამ უნდა მოაგვაროს დაახლოებით 80% იმ პრობლემებისა, რაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაერთი მცდელობა იყო, რომ ბოლომდე მიგვეყვანა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. ალბათ ბევრს გაუგია, რომ ხშირად პირველადი ჯანდაცვა ხასიათდება, როგორც ჯანდაცვის სისტემის ხერხემალი. ამ სისტემამ უნდა მოაგვაროს დაახლოებით 80% იმ პრობლემებისა, რაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ. ამ სისტემის დონეზე უნდა იმართებოდეს ოჯახის ექიმიც და ის უნდა იყოს მიმართული პრევენციაზე, რომ არ განვითარდეს დაავადებები ან ადრეულ სტადიაზე მოხდეს ისეთი დაავადებების მართვა, რომელიც ხშირად ხდება ნაადრევი სიკვდილის მიზეზი. პირველადი ჯანდაცვა თითოეული მოქალაქის პარტნიორი უნდა გახდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.