ეს არის ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ჩიხი, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ჩაშლიდან და არჩევნებში დამარცხების შემდეგ ეს პროცესები გადავიდა ქუჩაში, - ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოში არსებულ ვითარებას. როგორც მან გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ აღნიშნა, შეთანხმების მაგიდაზე ახლა მნიშვნელოვანი საკითხები დევს, როგორებიც არის სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომლებზეც მსჯელობა პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს.
„ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები საჭიროებს პოლიტიკურ თანაცხოვრებას და პოლიტიკური თანაცხოვრება შეუძლებელია ქუჩაში. ეს იყო მათივე (ოპოზიციის) მცირერიცხოვანი ამომრჩევლის პირდაპირი დაკვეთა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აღიარებენ და აქედან გამომდინარე, თითოეულმა პარტიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შევიდნენ პარლამენტში.