„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნა დაამახინჯა.
„ბატონმა ბორელმა ძალიან თავისუფალი ინტერპრეტაცია მოახდინა, პირდაპირ ვთქვათ, დაამახინჯა ეუთოს დასკვნა. ეუთოს დასკვნაში რომ ეს ასე არ წერია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს. ასე რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ბორელი არ არის მომლაპარაკებელი, არ არის ჩართული მხარეც, ჩართული მხარე არის შარლ მიშელი და მისი წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, ბორელი საუბრობდა იმ საერთო სურათზე, საერთო წარმოდგენებზე, რაც მას აქვს. ეს ბრიფინგი არ ასახავს იმ თემას, რა თემაზეც ვსაუბრობთ. ეს იყო ბევრად მეტად ასოცირებაზე, უბრალოდ რადგან მიმდინარე კრიზისს დაემთხვა, ამიტომ ღარიბაშვილსაც და ბორელსაც მოუწიათ საუბარი მიმდინარე კრიზისზე, ოღონდ ნაწილობრივ“, - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ჟოზეფ ბორელი წარსულში პიკეტებში, მანიფესტაციებსა და ბოიკოტში არაერთხელ მონაწილეობდა.
„ჟოზეფ ბორელი ესპანეთის სახალხო სოციალისტური პარტიის წევრია, სპეციალურად ვნახე მისი ბიოგრაფია, პიკეტებში, მანიფესტაციებსა და ბოიკოტებში არაერთხელ მონაწილეობდა, ასე რომ, ახლა ბიუროკრატიული ჟინით ნუ დაგვიწყებს ნურავინ იმის სწავლებას, თითქოს ჩვენ აქ მოწაფეები ვართ და არ ვიცით, რა ხდება ევროპაში, ან რა არის ბოიკოტი, ან რა წერია ადამიანის უფლებების დეკლარაციაში, ან რა წერია ჩვენს საკუთარ კონსტიტუციაში, რისი უფლება გვაქვს და რისი – არა“, - აღნიშნა უგულავამ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზებ ბორელმა, ოლივერ ვარჰეიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.