ბატონი დანიელსონი კონკრეტული შეთავაზებებით გამოვა იმ ასპექტებზე, რომელზეც საუბარი გვქონდა. ეს მომდევნო დღეებში იქნება და ვნახავთ, სიტუაცია როგორ განვითარდება, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს პროცესი ფასილიტაციიდან გადავიდა დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასოცირების საბჭოს ჩარჩოს ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თავისთავად და ამავდროულად, ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, თქვენი ქვეყნისთვის, ბატონო პრემიერო, იმდენად, რამდენადაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასული წლის ოქტომბერში, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ცხოვრებაში, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი, ესენია საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას,“- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.