ნინო ბურჯანაძის პოზიცია არასოდეს შეცვლილა, უფრო უარესიც უთქვამს და მისი პოლიტიკის უფრო სერიოზული გამოხატულებაც გვიხილავს, როცა პარადს დაესწრო, ან „პაკლონაია გარაზე“ იყო პუტინთან და რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან ერთად. მთავარია შინაარსი, რომელიც დამაზიანებელია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„საქართველოსთვის ძალიან მძიმეა იმ პოზიციის დაკავება, რასაც ბურჯანაძე გვთავაზობს. რუსეთში გადაწყვეტილების მიმღები პუტინია, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები სწორედ ის არის, რამაც განაპირობა საქართველოს ოკუპაცია. ეს სწორედ ისაა, რასაც თავის დროზე ბურჯანაძე უფრო აქტიურად უნდა დაპირისპირებოდა და რასაც დღეს, არათუ უპირისპირდება, არამედ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთთან რაიმე კომპრომისი შესაძლებელია. ეს გამორიცხულია, რადგან თავად ბურჯანაძის პოლიტიკური ფიგურა არ განაპირობებს არანაირ წინაპირობას იმისათვის, რომ პუტინს მასთან ჰქონდეს მოლაპარაკებები, თუ ის წარმატებული იქნება ქართულ პოლიტიკაში.
პუტინს თავისი მიზანი აქვს. ქვეყნის ინტერესების მიმართ მავნებლობაა, როცა რუსეთის ისტებლიშმენტის მიმართ ნებისმიერ პოზიტიურ განცხადებას აკეთებ. შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი არიან ადამიანები, ვისაც საშუალება რომ ჰქონდეთ და კოალიციური ხელისუფლება ჩამოაყალიბონ, იქნებიან საქართველოს მომავლისთვის დამღუპველი. იმდენად დიდია მათ შორის სხვაობა - გუშინდელი დღე, დღევანდელი დღე და იმდენად ფარისევლურია პროდასავლურობაზე ლაპარაკი, როცა ადამიანების წამებით ჰქონდათ ხელისუფლება შენარჩუნებული. პრაგმატულად რომ შევხედოთ, რა საკვირველია, რუსეთში პოლიტიკას პუტინი წყვეტს, მაგრამ მას ბურჯანაძის მიმართ უშველებელი ადამიანური სიყვარული და პატივისცემა რომ ჰქონდეს, მისი პოლიტიკა ვერანაირად ვერ აეწყობა იმ ინტერესებზე, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია. აქედან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძე საკუთარი განცხადებით არათუ არ გამოხატავს საქართველოს ინტერესებს, არამედ მისი დამოკიდებულება არასწორია და მავნებლური იქნება მაშინ, თუ მას საშუალება მიეცემა, ქვეყანა მართოს. ეს არის რეალობა და ამის წინაპირობები არ არსებობს. მას უნდა, საკუთარი ნიშა აჩვენოს, გააძლიეროს და დაიკავოს, ეს არის მისი, როგორც პოლიტიკოსის ხვალინდელი ხედვაც. ამით გამოდის არჩევნებზე და ამ პოზიციით მოუწოდებს საკუთარი მხარდაჭერისკენ. ამის წინააღმდეგი ვარ იდეაში, პრაგმატულად და ემოციურადაც“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.