თუკი აქამდე პანდემიასთან ბრძოლისათვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღბისა და ხელების დამუშავების ინსტრუმენტები, ამას დაემატა უმძლავრესი ტექნოლოგია, ვაქცინაცია და შეგახსენებთ, რომ ბოლო ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, ვიდრე ვაქცინაციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ საქართველოში დაიწყო პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი - ვაქცინაცია კოვიდინფექციის წინააღმდეგ.
„ვაქცინაცია დღეს, ალბათ, ყველაზე უფრო სპეციფიკური სფერო გახდა. ერთი მხრივ, რთულად მოსაძებნია სხვა ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური დაკვირვებისა და მონიტორინგის საგანია და მეორე მხრივ, ვაქცინაცია თავის მნიშვნელობით გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა, ეს ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ვაქცინაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისადმი დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვიდა, არის ბრიტანულ-შვედური წარმოების და დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში. იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენთან ვაქცინაცია უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დავადებების პრევენციისთვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული იქნება პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.