ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომია. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Infection-ში გამოქვეყნდა.
სან-კარლოსის კლინიკური საავადმყოფოსა და ესპანეთის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა 5 868 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. ამ პაციენტებიდან ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ქალებში 12,41%-ს დაუფიქსირდა, კაცებში კი - 8,67%-ს. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად 65 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში გამოვლინდა.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მსგავსი სიმპტომები ძლიერ იმუნურ პასუხზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ, ციტოკინური შტორმის განვითარების საშიშროებას ამცირებს, რომელიც პოტენციურად პაციენტის გარდაცვალებით სრულდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.