ჩვენ როგორც ხელისუფლება, ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად განვახორციელებთ მომავალშიც, იმისთვის რომ საჯარო ფუნქციების შესრულება გაგრძელდეს უწყვეტად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სახელმწიფო გააკეთებს თავის საქმეს, რაც მოქალაქეების წინაშე აქვს აღებული. ამას ხელს ვერ შეუშლის ვერცერთი დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფი. აქ ვართ ჩვენს ევროპულ მეგობრებთან ერთად, რომ შევთანხმდეთ, მომავალ საკითხებზე, არ დავუპირისპირდეთ და ვეძებოთ ის რაც შეიძლება ჩვენთვის საერთო გახდეს მომავალში. რაც საერთო არსებობს, ესაა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და ამოცანები. დღესაა დრო, როცა ეს პოლიტიკური რეფორმები ყველა პარტიამ უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებმა ოპოზიციას უახლეს ისტორიაში ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა მოუტანა. „ესაა დემოკრატიის მიღწევები და პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან და ჩვენც ვალდებულნი ვართ, რომ დემოკრატიის ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს სტაბილური და ქმედითი. ეს მოლოდინი აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მხოლოდ ესაა გზა რითაც საქართველო მხოლოდ დააჩქარებს ევროინტეგრაციას“, - განაცხადა თალაკვაძემ.