ირაკლი კობახიძე: საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები - არა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები - არა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციებია.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ირაკლი კობახიძის შეფასებით საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები - არა.

„მე შეგახსენებთ, რომ ჯამში უკვე ხუთი თვეა გრძელდება ეს კონსულტაციები. მათ შორის არის ეს ახალი პროცესი, მაგრამ მანამდე იყო მოლაპარაკებების რაუნდი. საკითხი რთულია, ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციეიბი არსებობს შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ.

ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადსხვაობა. შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც.

რთულია დისკუსია. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა.

რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი. აქ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გადამწყვეტი როლ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა შეთანხმების მიღწევისთვის და დიალოგის წარმატებით მიღწევისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” ლიდერებს შეხვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.