ეს წელი ნამდვილად იქნება ვირუსის დამარცხების წელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ვაქცინა არ ვარგა. მინდა ასეთ ადამიანებს მივმართო, რომ ერთმანეთზე, ჩვენზე, სხვებზე იფიქრონ. გახსოვდეთ, როდესაც არ იცრები, საფრთხე ხარ სხვისთვის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ის აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და არანაირი ჩივილი არ აქვს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.