არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია

გვქონდა კიდევ ერთი, ძალიან კარგი საქმიანი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით, ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პუნქტებში არის მნიშვნელოვანი წინსვლა პოზიციების დაახლოებასთან დაკავშირებით. „გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან პრაგმატული ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ დღეებში, ვფიქრობ რომ შეთანხმებას შევძლებთ. რაც მთავარია, აქ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები. უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეთანხმება არაა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს შეთანხმება არის იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და კონცენტრირდეს მნიშვნელოვან ამოცანებზე, რაც დღეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ესაა ევროინტეგრაცია, პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღორძინება, სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილები და ის დღის წესრიგი, რაც საქართველოს აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც სახელმწიფომ ვაჩვენოთ, რომ გვაქვს სტაბილური პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი სისტემა, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ასეთ კრიზისებს აჩვენებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.