ყველა წინადადება, რომელიც ასახულია დღეს დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, არცერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან, ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, არის პარლამენტში შესვლა, ისიც ძალიან ბუნდოვანი წინადადებაა.
„ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად, რადგან ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დამოკიდებულების გამოხატულება არის ისიც, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გაგვიმჟღავნებია ამ შეხვედრების დეტალები, განსხვავებით ოპოზიციისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.