ვაქცინაციაზე სწორი, გამჭვირვალე, ღია ინფორმაციის მიწოდება და არაფრის დამალვა ნდობის მოპოვებაზე გადის, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
„მთავარი და გადამწყვეტია, მოსახლეობაში და პირველ რიგში, ჩვენს კოლეგებში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით წარიმართოს. ვფიქრობ, ექიმები ღირსეულად ჩავაბარებთ ამ გამოცდას, რადგან საზოგადოება ჩვენ გვიყურებს. ჩვენ თუ შევშინდებით და რაღაც მიზეზების გამო არ ავიცრებით, ნდობას დავკარგავთ. ამიტომ, მორალური მაგალითების მიცემა არის გარანტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია წარმატებული იქნება. ვფიქრობ, ექიმები ამ გამოცდას ღირსეულად ჩავაბარებთ და საზოგადოებას მაგალითს მივცემთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.