AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ჯანმოს ჯანმრთელობის პროგრამების ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა. ნინო ბერძული აცხადებს, რომ ანტიდოტი სრულად შეესაბამება უსაფრთხოების ხარისხსა და ეფექტიანობის ნორმებს. მისი განმარტებით, ვაქცინა ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და მისი გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.
„ვაქცინა არის ტესტირებული ათობით ათას ადამიანზე და სრულად შეესაბამება უსაფრთხოების, ხარისხის და ეფექტიანობის ნორმებს და მკაცრ სტანდარტებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს დაწესებული. დღეისთვის, საქართველოში ხელმისაწვდომი AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია გაიარა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვაქცინის გამოყენება“, - განაცხადა ბერძულმა.
მან AstraZeneca-თი ვაქცინირებულების შორის თრომბოემბოლიის რისკებზეც ისაუბრა. ბერძული აღნიშნავს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს ფაქტები ვაქცინას უკავშირდება.
„ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიური მოვლენების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად პოპულაციურ მაჩვენებელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენც ვიხილავთ ამ უსაფრთხოების სიგნალებს და რა თქმა უნდა, დამატებითი ინფორმაცია ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. მაგრამ წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს კონკრეტული შემთხვევები არ არის დაკავშირებული AstraZeneca-ს ვაქცინასთან“, - განმარტა ბერძულმა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.