ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ნატოს ხელმძღვანელებს შეხვდება, ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმების დასახვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.
საბანაძის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, სადაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა დინამიკა შეფასდება.
„ასოცირების საბჭო ცალკე ფორმატია, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მისი მთავარი მიზანია ისაუბროს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე“, - აღნიშნა საქართველოს ელჩმა ვიზიტის კომენტირებისას.
საბანაძემ განსაკუთრებული ყურადღება ბელგიის პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. „ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხანია არ გვქონია უმაღლესი დონის შეხვედრა ბელგიის მთავრობის წარმომადგენელთან“, - დასძინა მან.
ელჩის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ხელს შეუწყობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.