ისეთი შეთავაზებებია გაკეთებული, რაც ყველაზე კარგ საშუალებას იძლევა, რომ პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს, თუკი მეორე მხარეს შეთანხმებაზე წამოსვლის სურვილი ოდნავ მაინც გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა მათ შორის ახალი წინადადებები ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ „ყველაფერი არის, მათ შორის, კრეატიული მიდგომებიც, რათა შედგეს მოლაპარაკება“. მისი თქმით, „ქართულ ოცნების“ მხრიდან მრავალი წინადადებაა და შინაარსს ვერ დააკონკრეტებს.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან „ქართული ოცნება“ არის ძალიან კონსტრუქციული და ძალიან ბევრი საინტერესო გადაწყვეტილება გვაქვს შეთავაზებული. დანარჩენი დაველოდოთ, რადგან პირნათლად ვიცავთ მოლაპარაკების პირობას.
ის, რასაც ითხოვდა თავიდანვე ოპოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა და ახლა ახალი არჩევნები უნდა დავნიშნოთ, იყო უსაფუძვლო, ამიტომ მოლაპარაკება უსაფუძვლოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ თავიდანვე ვუთხარით, იყოს ვადამდელი არჩევნები, თუ ამის სამართლებრივ საფუძველს შევქმნით, ამიტომ მე მათ ძველ მოთხოვნებზე მეტს აღარ შევჩერდები, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან წყდება ყველაფერი და მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნება“ არის როგორც წინადადებებით სავსე, ამავე დროს კონსტრუქციული, რათა შეთანხმება შედგეს,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის განცხადებით, ისურვებდა, რომ დღევანდელი დღე იყოს გადამწყვეტი მოლაპარაკების პროცესში.
„ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის დღის წერიგი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მრავალ ასპექტს ეხება, რატომღაც ეს ყოველთვის მეორე პლანზე დგას ხოლმე და წინ ბუნებრივია, დღევანდელი ცხელი ამბებია წამოსული. რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, არ ვიცი, დღევანდელი დღე იქნება თუ არა გადამწყვეტი და მე ვისურვებდი იყოს გადამწყვეტი, მაგრამ შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან არის მაქსიმალურად კონსტრუქციული და მაქსიმალურად აქვს ყველა თემასთან დაკავშირებით ისეთი ნაბიჯი გადადგმული ან ისეთი შეთავაზებები გაკეთებული, რაც იძლევა ყველაზე კარგ საშუალებას, რომ პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს, თუკი მეორე მხარეს ოდნავ მაინც გააჩნია შეთანხმებაზე წამოსვლის სურვილი. მთავარი აქ უკვე არის ეს, აქვს თუ არა მეორე მხარეს ამის სურვილი, თუ ეს სურვილი რეალურად არსებობს, მაშინ მაგიდაზე დადებული შეთავაზებები, ამის ძალიან კარგ და სამართლიან საშუალებას იძლევა,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.