გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, საჭიროებს გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დამატებით დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი პირობის დარღვევა იქნება, რადგან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას და წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, საჭიროებს გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დამატებით დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას. ანუ დეტალებზე საუბარი გაგვიჭირდება გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებული ვართ ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ პირობას არღვევენ პერმანენტულად ოპოზიციის წარმომადგენლები, მუდმივად არღვევენ ამ პირობას და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის პირობის უხეში დარღვევა. ჩვენ ამ პირობას არცერთ შემთხვევაში არ დავარღვევთ“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა ორჯერ გამართა, მან შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.