ჩვენ გვაქვს გარკვეული შეთანხმება, დათქმა, რომ, როგორც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, წითელ-ყვითელ-ლურჯ ხაზებზე არ ვისაუბროთ. ძალიან ცუდია, რომ გუშინ, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თავი ვერ შეიკავა ამისგან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მათ წითელ ხაზებზეც ისაუბრეს, შემდეგ ყალბი ამბებიც ვნახეთ; თითქოს, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკიდანაა წასული, დაეთანხმა კელი დეგნანის შეთავაზებას. ვრცელდებოდა რიგგარეშე არჩევნების რაღაც ფოტოები. ზოგიერთი ტელევიზიების პროდიუსერებიც კი იყვნენ ამ „ფეიკ-ნიუსების“ გავრცელებაში ჩართულნი. დღეს კიდევ აანონსებენ „ფეიკ-ნიუსების“, ფაბრიკაციებისა და უკანონო ჩანაწერების გავრცელებას. სამწუხაროდ, ეს ქმედებები გრძელდება და მოვუწოდებ, რომ როდესაც შეთანხმება არსებობს, როცა გამოიკვეთა შესაძლო შეთანხმების აშკარა კონტურები და შეიძლება, ქვეყანა გადავიდეს პროაქტიულ დღის წესრიგზე, გვერდიდან დარტყმები აკრძალული მეთოდებით, ძალიან ცუდია. მოვუწოდებ, ამისგან თავი შეიკავონ“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.