ევროპული გამოცემა Euractiv-ი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას ავრცელებს სათაურით „საქართველო ჩემს ფიქრებში“.
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზედიზედ ორი ვადით იყო, ანუ 2004 წლის 25 იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე. ამ პერიოდში მან ბევრ წარმატებას მიაღწია. უეჭველია, იგი დიდი რეფორმატორი იყო ქვეყნისთვის, მაგრამ ნამდვილად ჰქონდა დიდი წარუმატებლობებიც. მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პირველი ვადა პოლიტიკური ჭაობით იყო დაჩრდილული, მეორე ვადა ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის უპრეცედენტო ზრდითა და კორუფციის მკვეთრი შემცირებით გამოირჩეოდა. მისი საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი იყო პროდასავლური კურსი. სხვათა შორის, იგივე პოლიტიკას აწარმოებენ დღეს მისი მემკვიდრეებიც და პოლიტიკური მტრებიც“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ „ბევრი ბრალს სდებს მიხეილ სააკაშვილს იმაში, რომ იგი 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ დაგებულ ხაფანგში მოხვდა და საბაბი მისცა რუსეთს, რომ ჯარი საქართველოში შემოჭრილიყო და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოეხდინა“.
„სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. ქვეყნიდან წასული ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ 2017 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით და იგი დაუსწრებლად გაასამართლეს. ამჟამად ის უკრაინაში ცხოვრობს. უკრაინაში სააკაშვილი პოპულარულია და დღემდე პროდასავლური რეფორმატორის სახელით სარგებლობს. მას მშობლიურ ქვეყანაშიც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, როგორც იმ პარტიის დამფუძნებელსა და ლიდერს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალად რჩება. გასული წლის საპრლამენტო არჩევნების დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა ხმების 27% მიიღო და 150-ადგილიან პარლამენტში 36 დეპუტატის გაყვანა შეძლო. მისმა მოწინააღმდეგემ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მიღებული ხმების 48%-ით, საკანონმდებლო ორგანოში 90 ადგილი მოიპოვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შედეგები არ აღიარა და პარლამენტში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა მათ ფალსიფიკაციის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ“, - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ნაბიჯმა ქვეყანა ქაოსში ჩაძირა, ოპოზიციონერებმა იმის ნაცვლად, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობა მიეღოთ, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს.
„ევროკავშირის შუამავლობის შედეგები მიხეილ სააკაშვილის მოქმედებაზეა დამოკიდებული. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის სანიმუშო მაგალითი შეიძლება ყოფილიყო, ქვეყნის პოლიტიკაზე ყოფილი პრეზიდენტის დიდი ჩრდილი რომ არ ახდენდეს გავლენას. „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პირადი ამბიციების მძევალია, რომელიც საკუთარ პოზიციებს ევროკავშირის იმ წრეების მხარდაჭერით იცავს, რომლებიც მზად არიან, თვალი დახუჭონ იმ ზიანზე, რომელიც მან განახორციელა. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთხუთმეტემ ბრძანა - „ჩემ შემდეგ წარღვნაც მოსულა“. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის სიკეთე უკვე აღარ სურს. მან კარგად იცის, რომ ვეღარ გაიმარჯვებს და ახლა, ალბათ, თავს იმით ინუგეშებს, რომ ხელს უწყობს ქვეყნის დესტაბილიზაციას. იგი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისევ აგრძელებს იმ თამაშს, რომელიც მისმა მოწინააღმდეგემ, ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო. კრემლს მიხეილ სააკაშვილისნაირი ადამიანებისათვის ერთი გამოთქმა აქვს - „სასარგებლო იდიოტები“, - წერს სტატიის ავტორი.