არჩილ თალაკვაძე: დროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა

დროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. როგორც მმართველი გუნდი, ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებულები, რომ დროულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა და გადავერთოთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში. ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიან პირობებზე შევთანხმდებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე, რაც ჩვენი საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენდა. საქართველოს ევროინტეგრაციის გაცხადებული ამოცანების, პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ამოცანის, რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არა დაპირისპირებით, არამედ თანამშრომლობით გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, რომელიც კრისტიან დანიელსონის ​მედიაციით მიმდინარეობს, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, თუ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ამომრჩეველთა ინტერესები იქნება დაცული, გადავდგამთ ნაბიჯებს შეთანხმებისკენ. ვფიქრობ, რომ ასეთია ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ამ დიალოგისადმი. დროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. როგორც მმართველი გუნდი, ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებულები, რომ დროულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა და გადავერთოთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.