სოზარ სუბარი: ოპოზიციურ პარტიებს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” პირადი მეგობრები მოუწოდებენ, პარლამენტში შემოვიდნენ, მადლობა გვითხრას ოპოზიციამ, რომ მანდატები არ შევუწყვიტეთ

სოზარ სუბარი: ოპოზიციურ პარტიებს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” პირადი მეგობრები მოუწოდებენ, პარლამენტში შემოვიდნენ, მადლობა გვითხრას ოპოზიციამ, რომ მანდატები არ შევუწყვიტეთ

ყველა დასკვნა იყო დადებითი არჩევნებთან დაკავშირებით. გარკვეულ ხარვეზებზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ასევე ყველა ამბობს, რომ არჩევნები იყო კანონიერი, ლეგიტიმური, სამართლიანად ჩატარებული და ხარვეზებს შედეგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხარვეზი ნებისმიერი ქვეყნის არჩევნებშია.

„ხარვეზი ნებისმიერი ქვეყნის არჩევნებშია. გვახსოვს, ამერიკის შეერთებული შტაბების ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა პრეტენზიები გამოითქმოდა, რომ ხმის მიცემა, შემდეგ გაგზავნა ფოსტით ხდებოდა და რამდენად შეიძლებოდა, ყოფილიყო გაყალბება. პრეტენზიებს გავლენა არ მოუხდენია არც არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობაზე და არც სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. იგივე სტანდარტი უნდა იყოს ჩვენთანაც და იგივე სტანდარტი უნდა გადმოვიტანოთ ჩვენთან.

„აირაის“ დასკვნა თანხვედრაშია ეუთო/ოდირის დასკვნასთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ოპოზიციურ პარტიებს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის” პირადი მეგობრები მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. მადლობა გვითხრას ოპოზიციამ, რომ მათ მანდატები არ შევუწყვიტეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ მონაწილეობა მიიღო ონლაინკონფერენციაში, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი იყო.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, აიღეთ მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ, თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

„ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ“, – განაცხადა ბრაიზამ.

რაც შეეხება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიშს, IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.