ეკა გიგაური: იმისთვის, რომ განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ

ეკა გიგაური: იმისთვის, რომ განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ

იმისთვის, რომ დღეს, ამ სიტუაციაში განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს არ დაგვაზღვევს ჩვენ სამომავლოდ იმისგან, რომ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები და სისტემამ სწორდ იმუშაოს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჩატარდეს კონკრეტული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის სასამართლოში და პროკურატურაში.

„გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმის მიუხედავად, ვინ იქნება ოპოზიციაში, ამ ოპოზიციას ჰქონდეს გარკვეული როლი და ფუნქცია პარლამენტში მაშინ, როდესაც არჩეული იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება ეს თუ გენერალური პროკურორი. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს კორუფციის გაზრდილი რაოდენობის გამო, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და დაიზღვეს ჩვენი სისტემა. აქ არის საუბარი, ერთის მხრივ, ამ მომენტისთვის განვმუხტოთ კრიზისი და მეორე მხრივ, ამის შემდეგ როგორ მიგვყავს წინ ქვეყანა. წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“, - განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე კითხვები ძირითადად რეფორმებს ეხებოდა.