ჩვენ რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, „საიას“ სახელით მე ელჩებსა და სპეციალურ წარმომადგენელს ვესაუბრე იმ პრობლემების საფუძველზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ეს არის პოლარიზაცია და ის გზები, როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლარიზაცია, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, ეს არის ოპოზიციის როლის გაზრდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნაში. ასევე საარჩევნო სისტემა და თვითმმართველობის რეფორმა.
„ამ ყველაფერმა ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში არსებული კრიზისული პოლიტიკური სისტემა, რომელიც იწვევს განუწყვეტელ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დასრულდეს და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ოპოზიციამ და მთავრობამ ისე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ მოუსავლეთში“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მისივე თქმით, კრისტიან ანდერსონთან შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
„ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკებების თემა. ჩვენ ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე არ გვისაუბრია. ერთადერთი, რაც მე „საიას“ სახელით ვთქვი, არის ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება მყარი და წინდახედული ქმედებები, რომლებიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისგან და პრობლემებისგან, რომელიც ახლა არის“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.