პატარა ბავშვს რომ ახირება აქვს, გინდა თუ არა, სათამაშო მიყიდეო, ასე უნდა ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის IRI-ის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა.
„წარმოგიდგენიათ, როგორ ვაკუუმში არიან? პატარა ბავშვს რომ ახირება აქვს, გინდა თუ არა, სათამაშო მიყიდეო, ასე უნდათ რიგგარეშე არჩევნები და რა ვქნათ, იქნებ, ახლა მაინც გაიზარდონ. რაც შეეხება დარღვევებს, საარჩევნო რეფორმა მომზადდა, ახლაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან გამომდინარე ინიცირებულია ცვლილებები. საქართველოში იდეალური არჩევნები შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარდეს. ეს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ შორის შეგნებასა და სხვადასხვა გარემოებაზე.
შეფასება გაკეთდა, რომ უკეთესი არჩევნები იყო, ვიდრე მანამდე. ყველა არგუმენტი გამოცლილი აქვს ოპოზიციას და რა ვქნათ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და როგორ მივუთითოთ, რომ ეს ყველაფერი მავნებლობაა საკუთარი ქვეყნის წინაშე. ბოლო შესაძლებლობაა, იქნებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან მაინც იყვნენ ადეკვატურები და საკუთარი ქვეყნის მოყვარულები”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
IRI-მ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.