გიგი უგულავა: ირაკლი ღარიბაშვილი ტყუის, 2010 წელს ფონდ

გიგი უგულავა: ირაკლი ღარიბაშვილი ტყუის, 2010 წელს ფონდ "ქართუსთან" ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მას, როგორც „ქართუ ფონდის“ დირექტორს მინისტრებთან კონტაქტი ხშირად უწევდა.

უგულავა აღნიშნავს, რომ როგორც თბილისის მერი ირაკლი ღარიბაშვილს, 2012 წლის დეკემბრამდე არასდროს შეხვედრია.

“ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ "ქართუსთან" ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო. ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, "ქართუს" მაშინდელი პრეზიდენტი იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან, მეტი არავის ხელისუფლების მხრიდან, არავისთან "ქართუდან" შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი, მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შს მინისტრი გახდა. ასე, რომ სრული ტყუილია. უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი”,- წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან განმარტა, რას ნიშნავს ჩანაწერში ბერა ივანიშვილის მიერ მისთვის ნათქვამი ფრაზა „მინისტრები დაგირეკავენ“. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მას, როგორც „ქართუ ფონდის“ დირექტორს მინისტრებთან კონტაქტი ხშირად უწევდა.

“ 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს და წლის განმავლობაში 200-მილიონიანი პროექტები გვქონდა. ბუნებრივია, მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან. მქონდა არაერთი შეხვედრა კულტურის მინისტრ ბატონ რურუასთან, თბილისის მერთან. მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და „ქართუ ფონდში“ გვსტუმრობდა, აქედან გამომდინარე, პასუხი ნათელია “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.