ინტენსიურად მიმდინარეობს შეტევა, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაგრამ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ვიდრე ცალკეული გამოხდომებია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები შედეგით დასრულდება.
„ყოველთვის სკეპტიკური ვიყავი იმის მიმართ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე პოზიტიური და კონსტრუქციული იდეები აქვს. ფაქტია, სიტუაციას განაგებს, მაგრამ მმართველ გუნდში მაინც გამოთქვამენ იმედს, რომ პოზიტივი იქნება, რადგან ძალიან დიდია ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს. მგონია, რომ საერთაშორისო პოზიციები თავის საქმეს შეასრულებს. ეს არ უკავშირდება მხოლოდ პარტიებს შორის დამოკიდებულებას, ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა, რაშიც ესოდენ დაინტერესებული არიან ჩვენი პარტნიორები. მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ. ბულინგი და შეტევა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი მნიშვნელობის საკითხი დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ვიდრე ეს ცალკეული გამოხდომების ფასია“, – განაცხადა ვოლსკიმ.