ანალიტიკოსი ნოდარ ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს:
„თავს უფლებას მივცემ გამოვთქვა კომენტარი ნოდარ მელაძის ბოლო „შედევრის“ შესახებ, როგორც პირადი დაცვის სამსახურთან დაკავშირებული გარკვეული ცოდნა-გამოცდილების მქონე ადამიანმა, რომელიც 1991 წლიდან, მრავალი წელი ვმუშაობდი კერძო და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში, ვიყავი უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირად დაცვის წევრი, უშიშროების მინისტრის პირადი დაცვის უფროსი, კერძო დეტექტიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სხვა ნაშრომებთან ერთად, ვარ ჯერ კიდევ 2002 წელს გამოცემული „პირადი დაცვის“ სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, მაქვს სხვადასხვა ფარულ და ღია ოპერატიულ სამსახურებში მუშაობის გამოცდილება.
დასაცავი პირის ოჯახის წევრების მიმართ, სხვადასხვა წყაროებში (ტელევიზია, პრესა, რადიო, ინტერნეტი, წარწერა კედელზე, ანონიმური წერილი, ჭორი...) დაფიქსირებული მუქარის შემცველი ნებისმიერი გზავნილი შესწავლილი უნდა იყოს (კონტენტი და წყარო) ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ამ შემთხვევაშიც. ივანიშვილის დაცვის წევრების მოქმედებაში უჩვეულო, არაკანონიერი და თუნდაც არაკორექტული არაფერია. ბინძური გზავნილებზე რეაგირების მიზნით გაარკვიეს ავტორის ვინაობა და ურჩიეს არ გაემწვავებინათ ვითარება. ფიზიკურ ზემოქმედებას, გატაცებას, შეურაცხყოფას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას -ადგილი არ ქონია.
სამაგიეროდ უმსგავსო, ამაზრზენი და დანაშაულებრივია ამ ამბავით მანიპულირების მთელი ისტორია: მოზარდის ფარული ჩაწერა, ჩანაწერის მონტაჟი კონტექსტიდან ამოვარდნილი წინადადებებით, შეთითხნილი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება, აქცენტების ხელოვნური გამახვილება გარკვეულ მომენტებზე, ნაკლებად კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების განწყობის ფორმირების და ცალკეულ პირებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით.
ალბათ დროა, რომ ჟურნალისტიც ისევე მოექცეს კანონის ჩარჩოებში, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელი სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი, უპასუხისმგებლო მშენებელი, არაკვალიფიცირებული ექიმი, ძროხის ხორცის მაგივრად, ვირის თავფეხის გამყიდველი მეხორცე და სხვა“...