გუშინ, ერთ-ერთ ეთერში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმ ადამიანის გამოჩენა, რომელიც არის რუსეთის გაშიფრული აგენტი, ამერიკის მგმობელი რუსეთის სასარგებლოდ და რომელიც გამოდიოდა და ზუსტად იმავეს იმეორებდა, რასაც ლაპარაკობენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, როგორც მინიმუმ დამთხვევა არ უნდა იყოს,- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, რაც არ უნდა ეს ვინმეს პარადოქსულად, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის აქტივის წარმომადგენლებს ეჩვენებოდეს, ნაციონალური მოძრაობის მხარეს მაშველი რგოლი იქნა გადმოგდებული.
,,პირველი, გახსოვთ ეს იყო გავრილოვის ინტერვიუები, როდესაც მათი ორი ტელევიზია ერთდროულად იწერდა გავრილოვს და დასჭირდათ თუ არა, წამებში დაუკავშირდნენ პირად ნომერზე და ისიც დიდი სიამოვნებით აძლევდა ინტერვიუს და ეუბნებოდა იმას, რაც დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“ და აწყობდა ნაციონალურ მოძრაობას.
შემდეგი რგოლი არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის საგარეო დაზვერვის ისეთი განცხადება იყო, რომელიც ასევე აზიანებდა „ქართულ ოცნებას” საქართველოში და მე მგონი არავინ არ არის იმ პრიმიტიული ლოგიკის მიმდევარი, რომ ეს მართლაც ასეა, თითქოს მხარს უჭერენ ვიღაცას საქართველოში და ამას პირდაპირ ასე აცხადებენ. არ მგონია, რომ ამ ლოგიკას ვინმე, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად და მიუკერძოვებლად ფიქრობს, ასე ავითარებდეს.
მესამე მაშველი რგოლი იყო გუშინ, ერთ-ერთ ეთერში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმ ადამიანის გამოჩენა, რომელიც არის რუსეთის გაშიფრული აგენტი და შემთხვევით არ ვამბობ - რუსეთის გაშიფრული აგენტი, ამერიკის მგმობელი, რუსეთის სასარგებლოდ, გამოდიოდა და ზუსტად იმავეს იმეორებდა, რასაც ლაპარაკობენ “ნაცმოძრაობის” ლიდერები - ეს, როგორც მინიმუმ, დამთხვევა არ უნდა იყოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთში მცხოვრებმა, აშშ-ის მოქალაქემ, პატრიკ დაუნიმ გუშინ, „მთავარი არხის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ გარკვეული ბრალდებები გააჟღერა.