ის ნაბიჯი რაც დღეს პროკურატურამ და სასამართლომ „ტვ პირველთან“ დაკავშირებით გადადგა, უკანონოა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხდება კანონმდებლობის უგულებელყოფა, რაც მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე თუ როგორი საშიშია ივანიშვილის რეჟიმი.
„ჩვენ დღეს ვხედავთ, როდესაც გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ მხილებული უნდა იყოს პოტენციურად თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ზეწოლის და მუქარის ფაქტები ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან. კერძოდ კი ღარიბაშვილის, ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილისგან, არამედ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკის თაობაზე და მათი პოფესიული საიდუმლოების იძულებით გამხელის თაობაზე. ეს არის დემონსტრირება როგორ მოქმედებს სამართლებრივი მანქანა სასამართლოს ჩათვლით მხოლოდ ივანიშვილის პირადი ღირსების დასაცავად“, - ამბობს ბოკერია.
„TV პირველი“ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს.
გენერალური პროკურატურა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრელებული განცხადების თანახმად, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული აუდიო მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.