მეგობრებო, არავინ არსად შევარდნას, შეჭრას არ აპირებს. მესმის, რომ გვაქვს მავნე და ცუდი გამოცდილება 2012 წლამდე, მაგრამ ამას არავინ არ აპირებს. ჩვენთვის მთავარი საკითხი არის სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება განსხვავებულ აზრს პატივს სცემს და სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება მაღალ სტანდარტზეა დაცული.
„ჩვენი ხელისუფლება, როგორც აქამდე, ზრუნავს, რომ მედია იყოს პრულარული, იყოს მეტი აზრი, განსხვავებული აზრი, განსხვავებულ აზრს ჩვენ პატივს ვცემთ. აქედან გამომდინარე, თვითონ შეკითხვაც, ვინმე თურმე აპირებს შესვლას, არის არასწორი იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამაც გააკეთა განცხადება, არავინ არსად შეჭრას არ აპირებს. თუმცა მესმის, მათ შორის იმ ჟურნალისტების, ვისაც მძიმე გამოცდილება აქვთ 2012 წლამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პირდაპირი შტურმი ხორციელდებოდა მედიაზე. მათ შორის მესმის იმ ჟურნალისტების ემოციის, რომელთაც აქვთ მძიმე გამოცდილება და რატომღაც ფიქრობენ, რომ ასე შეიძლება ვინმემ იმოქმედოს 2012 წლის შემდეგ. მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ ამ ფორმით ხდება პარალელის გავლება, რაც არასწორია.
სამართლებრივი საკითხი არის შემდეგნაირი, ამ პროცედურას სჭირდება სასამართლო განჩინება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ეს ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება, უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის სრული დაცვით, სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ისე, რომ ამ ყველაფერს არ შეექმნას საფრთხე. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად პროპორციული. არანაირი ისეთი მოქმედება, რომელიც სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას დააზიანებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება ექვემდებარება მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებს და არც ერთ შემთხვევაში არავინ არსად არ შეიჭრება. შესაბამისად, დასკვნა, ყველაფერი წარიმართება იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც შეეფერება სამართლებრივ ჩარჩოებს. რა ინფორმაციაც მაქვს და რაც ვნახე, რაც გამოქვეყნებულია, არავინ არ სთხოვს არავის წყაროს დასახელებას. აქ საუბარია, რომ თუ დანაშაული იცით, თუ გაქვთ რაღაცა, რაზეც მოხდა ზემოქმედება და ეს დაეხმარება გამოძიებას, ითანამშრომლეთ. სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება იმდენად მაღალ სტანდარტზეა დაცული ჩვენი ხელისუფლებისა და პოლიტიკის დამსახურებით, რომ ამას ვერავინ შეეხება, ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.