პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონის მსგავსი გამოცდილი დიპლომატის ჩართულობა ზრდის მხარეების შესაძლებლობებს, რომ გამონახონ კონსენსუსი რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, უახლოეს მომავალში კრისტიან დანიელსონი ჩამობრძანდება საქართველოში და აქტიურად დაიწყებს მუშაობას მოლაპარაკების წარმართვის მიმართულებით. რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალია ჩვენი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მეტი შანსი გაჩნდეს მოლაპარაკებისთვის, ვინაიდან ასეთი გამოცდილი დიპლომატის ჩართულობა ზრდის მხარეების შესაძლებლობებს, რომ გამონახონ კონსენსუსი რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მხარეები მედიატორისთვის საკუთარი ხედვის გაცნობის გარდა უნდა შეეცადონ, იპოვონ ის სფეროები და თემები, რომელთა ირგვლივაც შეიძლება საერთო ხედვა ჰქონდეთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.