კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის გასაგრძელებლად და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციასა და რჩევას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„15-17 მარტს ბრიუსელში მივემგზავრებით. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ისე - ევროპულ საბჭოსა და ნატოში. 16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა, რომელზეც წარმოვაჩენთ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას. ასევე, მივესალმებით მისი წარმომადგენლის ვიზიტს. დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას ხელს შეუწყობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის გასაგრძელებლად და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციასა და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ყველამ ერთად, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანამ და ჩვენმა პარლამენტმა ნორმალური მუშაობა დაიწყოს. ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.