კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა არის კარგი მანიშნებელი იმისა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი აქ არ იყო უბრალოდ ვიზიტი და უბრალოდ ჩამოსეირნება, ის ილუზია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, შეექმნა, რომ ევროკავშირი რაღაცნაირად დაინტერესდება და მერე დაავიწყდება, მგონი გაიფანტა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის ბოლო შანსი, ერთხელ და სამუდამოდ აჩვენონ ყველას, რომ ევროინტეგრაცია მათთვის მხოლოდ სიტყვები არ არის.
„ეს მაღალი დონის ჩართულობა ზრდის იმის შანსს, რომ შეთანხმება შეიძლება შედგეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის და ეს კრიზისი იყოს განმუხტული. ოღონდ, რა თქმა უნდა, კარგად უნდა გვესმოდეს – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ამ კრიზისის განმუხტვა. თუ მათ არ უნდათ ამ კრიზისის განმუხტვა, ისინი შეეცდებიან, რომ ამ ვიზიტის ფარგლებშიც მორიგი რაღაც პროპაგანდისტული მესიჯბოქსი დაალაგონ და დააბრალონ ყველაფერი ყველას, გარდა თავისი თავისა. მაგრამ ეს არ იმუშავებს. მგონია, ეს არის მათი ბოლო შანსი, ერთხელ და სამუდამოდ აჩვენონ ყველას, რომ ევროინტეგრაცია მარტო სიტყვები კი არ არის მათთვის, არამედ არის საქმე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა: მედიაციის იმ ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელმა წამოიწყო, მზად ვიქნებით საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში დავეხმაროთ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავის წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.