მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, მცირედი კონსტრუქციულობა სავსებით საკმარისია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, მცირედი კონსტრუქციულობა სავსებით საკმარისია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ

მოსალოდნელია, რომ უახლოესი დღეები იქნება დატვირთული იმ მიმართულებით, რასაც მოლაპარაკებების პროცესი ჰქვია, ვინაიდან მართლაც მცირე დრო რჩება იმ დრომდე, როდესაც გარკვეული მორალური ვალდებულება გვაქვს, რომ მოსინჯული გვქონდეს ყველა შესაძლებლობა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მცირედი კონსტრუქციულობა სავსებით საკმარისია, რომ რეალურად მივაღწიოთ შეთანხმებას.

„რაც შეეხება მოლაპარაკების პერსპექტივებს, ეს დიდწილად არა, ალბათ მთლიანად დამოკიდებულია ოპოზიციის განწყობაზე და კეთილსინდისიერებაზე მოსალაპარაკებელ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენად ექნებათ რეალურად განწყობა, რომ მოლაპარაკება შედგეს, თორემ შეუძლებელი, რა საკვირველია, არაფერია. ვფიქრობ, რომ მცირედი კონსტრუქციულობა სავსებით საკმარისია, რომ რეალურად მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს გულისხმობს საგამოძიებო კომისიის მეშვეობით რეალურად საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებობს მიზეზი განცხადებისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არჩევენები გაყალბებული არ არის, უნდა შეწყდეს საუბარი ხელახალ არჩევნებზე. უმიზეზოდ ხელახალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, ან პოლიტიკურ პარტიებს, ან რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, რა თქმა უნდა, ეს არათავსებადია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჭეშმარიტებამ, სწორმა პოზიციამ უნდა იზეიმოს. შესაბამისად, თუ მიზეზი არ არსებობს ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარს უბრალოდ აზრი არ აქვს“, განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა: მედიაციის იმ ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელმა წამოიწყო, მზად ვიქნებით საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში დავეხმაროთ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავის წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.