მოლაპარაკებების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი დესტრუქციულ სურვილებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ, რომ დემოკრატიულად წარიმართოს პროცესი.
„ფაქტია,საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოში პროცესების დემოკრატიული გზით განვითარებას, მხარს უჭერენ პროცესს, რომ წარიმართოს დიალოგი და მხარს უჭერენ იმას, რომ არავინ დაუშვას რაიმე ფორმით დემოკრატიის საპირისპიროდ სვლა. ამიტომ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ჩვენ ამ პროცესში შეგვეძლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო მონაწილეობა ნიშნავს, რომ რადიკალურ და დესტრუქციულ სურვილებს გაქანების საშუალება არ ექნება, კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი ასეთ სურვილებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა: მედიაციის იმ ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელმა წამოიწყო, მზად ვიქნებით საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში დავეხმაროთ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავის წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.