რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე 42 ხმით აირჩია. „ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, - ამის შესახებ სოსო ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაასახელა რაგბის კავშირის გამგეობის 16-კაციანი ჯგუფი, რომელთა მათ შორის ორი ქალია. „იმედი მაქვს, რაგბის კავშირის საქმიანობაში ქალები სხვა სიმშვიდეს შემოიტანენ“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
მისივე თქმით, სარაგბო კლუბებს დღევანდელ არჩევნებზე მოსვლა გაუჭირდათ. „ჩემთვის ეს პროცესი გასაგებია, თუმცა მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს სამომავლო ურთიერთობაზე არ აისახება“, - განაცხადა ტყემალაძემ.
რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობების შესახებაც დაუსვეს, რაზეც მან უპასუხია, ივანიშვილთან მისი ურთერთობები გახსნილია. „ეს ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილთან გახსნილია, ის ჩემამდეც იყო რაგბიში“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
დღეს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზთან, სადაც რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დელეგატების რეგისტრაცია დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში 13:00 საათიდან დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა.