სანდრო რაქვიაშვილი: მხარეებს შორის შეთანხმების შანსი ყოველთვის არსებობდა, სურვილი - არა

სანდრო რაქვიაშვილი: მხარეებს შორის შეთანხმების შანსი ყოველთვის არსებობდა, სურვილი - არა

„გირჩის“ წევრის, განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმების შანსი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა სურვილი.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, შარლ მიშელის წასვლის შემდეგ არცერთ მხარეს შეთანხმებისთვის ნაბიჯი არ გადაუდგამს.

„არავინ გვეუბნება რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დათმოს აუცილებლად ან პირიქით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა დათმოს და პარლამენტში შევიდეს. ყველა გვეუბნება, რომ დასხედით და ილაპარაკეთ, შეთანხმდით და კრიზისი დაასრულეთ. შეთანხმების შანსი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა შეთანხმების სურვილი. არცერთ მხარეს არ გადაუდგამს რაიმე ნაბიჯი მიშელის წასვლის შემდეგ“, - აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა: მედიაციის იმ ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელმა წამოიწყო, მზად ვიქნებით საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში დავეხმაროთ.

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.