ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ყველა მონაწილის მოწოდება იყო, რომ საქართველოში დიალოგი უნდა შედგეს.
„გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები. დებატები, რომელშიც ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ, რა თქმა უნდა, ზოგიერთი განცხადება გამსჭვალული იყო პოლიტიკური სუბიექტურობით, მაგრამ მთავარია, რომ ყველა ეს ადამიანი მოუწოდებს, რომ საქართველოში დიალოგი უნდა შედგეს.
მე რაც ამოვიკითხე და დავინახე, ეს იყო, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება. ეს არის ფაქტი. ბატონმა ბორელმა, პირდაპირ თქვა, რომ ასოცირებულ სახელმწიფოებში საქართველო არის საკვანძო ქვეყანა და მას აქვს უზარმაზარი პროგრესი და უზარმაზარი შედეგი. დავინახე, რომ თითოეული გამომსვლელი და მათ შორის კომისიის წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ. ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოგზავნა საკუთარი პირადი წარმომადგენელი, ხაზს უსვამ იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მოლაპარაკებები ევროკავშირისთვის.
კონკრეტული ოპონენტი ძალების მხრიდან ხდება კონკრეტული სიტყვებით მანიპულირება და კონკრეტული განწყობების საკუთარ სასარგებლოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპელი პარლამენტარები მზად არიან შეასრულონ მედიაციის როლი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა: მედიაციის იმ ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელმა წამოიწყო, მზად ვიქნებით საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში დავეხმაროთ.
შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.