ავთენტურობასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მომისმენია დადასტურება და რაიმე დიდი დასკვნის გაკეთების საფუძველი არ არის ამ მიმართულებით, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, როგორიც წინა ხელისუფლების მიერ ხორციელდებოდა.
„კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ფორმა, როდესაც შეიძლება მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს ჰქონდეს ადგილი, რასაც სამწუხაროდ საქართველოს რეალობაში ჰქონდა ადგილი. ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და ეს არის უდავო ფაქტი. ეს იმთავითვე პრაქტიკულად ყველას მიერ არის აღიარებული და დადასტურებულია. ეს არ არის საქართველო, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შეიძლება სურდეს ვიცხოვროთ. ეს არის წარმოუდგენელი რამ და თითოეული ჩვენგანის ვალია ვიბრძოლოთ ნებისმიერ ასეთი რისკის წინააღმდეგაც კი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, დღესაც პასუხს მოვთხოვ“.