ვიმედოვნებთ, რომ მედიაციის იმ ძალისხმევით, რომელიც შარლ მიშელმა წამოიწყო, უფრო მზად ვიქნებით, საქართველოს დავეხმაროთ პრობლემების გადაჭრასა და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
„მთავარი პრობლემა საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმისა და ყველაზე რთული საკითხი, ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის საკითხია. ყველა ეს საკითხი განიხილება იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომელსაც განვავითარებთ“, - განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ჟოზეპ ბორელმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ეხმარება და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი დონორია. „ჩვენ საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გამოვუყავით კორონავირუსის პანდემიის ფონზე“, - აღნიშნა ბორელმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავის წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.