გელა კურტანიძე: მთელი ეს ჭრელი მასა ყავისფერი გახდა.. ზოგიერთმა სუნიც კი გაუშვა, თან ისეთი, ეკრანს მიღმაც რომ იგრძნობა..

გელა კურტანიძე: მთელი ეს ჭრელი მასა ყავისფერი გახდა.. ზოგიერთმა სუნიც კი გაუშვა, თან ისეთი, ეკრანს მიღმაც რომ იგრძნობა..

ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მოსმენა ნამახვანჰესზე მიდის "მაესტრზე" პ/ე-ში..

ძალით აგზნებული სახეების, თეათუთბერიძესეული აიქიუს და ინტონაციის მქონე გამომსვლელების ყურებისას, ერთ რამეში დავრწმუნდი - კომკავშირი მართლაც უკვდავია!

მეტიც: დროს ეშინია პირამიდების და პირამიდებს ეშინიათ.. კომკავშირლების!

და პირამიდებს თუ ეშინიათ, ჰიდროელექტროსადგურებს მითუმეტეს..

ერთი ამბავი გამახსენდა და მოგიყვებით:

სიმამრი მყავდა ძალიან კარგი და ერუდირებული ადამიანი. წყნარი, პატიოსანი.. დიმიტრი გელოვანამდე პროფესია უშლიდა ხელს, თერაპევტი კი არ იყო, არამედ ენერგეტიკოსი. თან უმაღლესი დონის პროფესიონალი, დოქტორი, პროფესორი. დიდი ლაბორატორიის ხელმძღვანელიც იყო და "გეპეის" ენერგეტიკულ ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. საქართველოში პირველი "მზის სახლიც"  მისი თაოსნობით შეიქმნა..

ოჯახიშვილობაშიც არაფერი დაეწუნებოდა, ოღონდ გვარი არ ჟღერდა მთლად გელოვანივით. არც იქამდე ჰქონდა ციცქნა, ეტყობა გვარის გასამართლებლად და ერთხელაც ძირმაგარა გასჩენია ცხვირში.  ამ გაბუშტული ცხვირით თავადვე მისულა ექიმთან.   კითხვაზე, რა გვარი ხართო, ცხვირაშვილიო რომ უპასუხია, ექიმს კინაღამ მომარჯვებული სკალპელი გადაუყლაპავს თურმე, იმხელაზე დაუფჩენია პირი სიცილისას..

ჰოდა, ეგ წესიერი და პატიოსანი კაცი იხსენებდა:  80-იანი წლების ბოლოს რომელიღაც დარბაზში მიმდინარეობდაო ხუდონჰესის მშენებლობის განხილვა. გასაგებია, რომ ენერგეტიკოსები ესწრებოდნენ, თუმცა იყვნენ სხვებიც, ძირითადად ახალგაზრდები. მოხსენებას აკეთებდა მოსკოვიდან ჩამოსული მაღალი თანამდებობის პირი, თან აკადემიკოსი, თუ არ ვცდები. მას შეაწყვეტინეს სიტყვა წითელმა, ყვითელმა, მწვანე თუ  ნაცრისფერფერმა ახალგაზრდებმა და განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ხუდონჰესის აშენება..

დაბნეულა გამომსვლელი, თვალები სათავლის ზემოთ ასვლია.  მერე რომ მიმხვდარა, რაც ხდებოდა, გაუწევია მიკროფონი გვერდზე და ასე მიუმართავს მთელი აუდიტორიისთვის:

" - ვი შტო, ახუიელი, რებიატა?!"

მოგეხსენებათ, მაშინ დაფინანსებაც და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფაც საბჭოეთის დედაქალაქიდან მოდიოდა. საკმაოდ დიდი, თუ არ ვცდები, ას მილიონზე მეტის სამუშაოები უკვე შესრულებული იყო. გაცილებით მეტი უნდა წამოსულიყო ცენტრიდან და ყველაფერ ამაზე ამბობდენ უარს ეს წითელი, ყვითელი, მწვანე და ნაცრისფერი ახალგაზრდები. გაიტანეს კიდეც თავისი..

მერე ვისხედით დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში ყველანი უშუქოდ, წითელ, ყვითელ, მწვანე და ნაცრისფერ "კერასინკებში" დამწვარი ნავთის სუნით გაჟღენთილ ბინებში და როცა დენი მოვიდოდა, ტელეყუთებში ვუცქერდით ეს წითელი, ყვითელი, მწვანე და ნაცრისფერი ახალგაზრდები როგორ  გვიწყობდენ ქვეყანას "თანამედროვე სტანდარტებით".  თავის ჭკუით ოღონდ, აბა  საბჭოური ცოდნით თავგამოტენილ პროფესურას ხომ არ დაეკითხებოდნენ..

ქვეყნისა რა გითხრათ და საკუთარი ცხოვრების მოწყობა კი მოახერხეს..

ზოგიერთს ახლაც ვხედავთ ეკრანებზე..

ოღონდ ფერშეცვლილებს: მთელი ეს ჭრელი მასა ყავისფერი გახდა..

ზოგიერთმა სუნიც კი გაუშვა, თან ისეთი, ეკრანს მიღმაც რომ იგრძნობა..

ჰოდა, რასაც ვუყურე დღეს, დეჟავიუ გამიჩნდა, მგონია, რომ იგივე მეორდება..

ამაში არაფერია გასაკვირი, ისტორია სულ მეორდება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, ვისაც არამხოლოდ პირადი, არამედ მთელი ქვეყნის კეთილდღეობა გვინდა?

ამჯერად ახალი თაობის პავლიკ მოროზოვების თუ თეათუთბერიძეების ჭკუაზე ვიაროთ?!

და ეგ გზა, გაბრწყინებულ ტაძარს ვინ ჩივის, განათებულ  სახლამდეც რომ არ მიდის?!

ეჰ, ის წითელი "კერასინკა" მაინც არ გადამეგდო, დალახვროს ლევ ტროცკიმ“..