ბრიუსელში გაცილებით უფრო ადეკვატურად უყურებენ საქართველოს, ვიდრე ეს ხშირად საქართველოში წარმოუდგენიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების არსი იმაშია, რომ პოზიციის დაახლოება მოხდეს. მნიშვნელოვანი მხარეები რაიმე განსაკუთრებული მოლოდინების გარეშე მივიდნენ ამ მოლაპარაკებებზე და რაც მთავარია, ევროკავშირის მხრიდან იყოს უმაღლესი დონეზე ჩართულობა.
„ხვალ ევროპარლამენტში დებატებზე ველოდებით ძალიან ფუნდამენტურად განხილვას. ძალიან კარგია , რომ ევროკავშირში ასეთი კარგი იციან საქართველოში მიმდინარე პროცესები. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოთი და ყველა საუბარი საქართველოს თითქოს რადარებიდან გაქრობაზე , დაკარგვაზე ყალბია და ტყუილია.
რეალურად ერთი კვირა დარჩა და დიდი იმედი მაქვს, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მიუხედავად, შეთანხმებას მივაღწევთ და ამისათვის ორივე მხარემ კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს.
ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მედიაცია უნდა იყოს მხარეებს შორის მედიაცია და არა რომელიმე მხარეს დადგომა. ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვურევთ ხოლმე საქართველოში, მაგრამ ეს აქ არ ეშლებათ. აქ გამოცდილი დიპლომატები და პოლიტიკოსები არიან. ხაზგასასმელია რომ ამ პროცესს სათავეში უდგას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი . ამაზე მაღალი დონე ევროკავშირში არ არის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი ავტორიტეტი, მიშელის პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება კონსენსუსის მიღწევაში დაგვეხმარება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.