ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს და ამისთვის 2010-2011 წლებში კუდის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს იყენებს.
„ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს, სხვა მიზანი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. პარადოქსია, როდესაც 2010-2011 წლების ჩანაწერებს, იმასაც უხეშად დამონტაჟებულს, ფაბრიკაციას ატრიალებენ პირიქით. შინაარსსა და კონტექსს საერთოდ ცვლიან. ამას იყენებენ ხალხის გაბრაზებისთვის და ბოლოს თვითონ ბრაზდებიან ისევ თავის შექმნილ ფაბრიკაციებზე და ცდილობენ, რამენაირად თავი აარიდონ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. მედიაცია თავის თავზე ევროკავშირს აქვს აღებული და ნამდვილად შეუძლებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდნენ. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რაც არ უნდა მოიგონონ, დაამონტაჟონ და რაც უნდა იკადროს ვიღაცამ რომ კუდის მიერ 2010-2011 წლებში გაკეთებული ფარული ჩანაწერები, უხეშად დამონტაჟებული შინაარსშეცვლილი შემოატრიალოს ხალხის გასაბრაზებლად და ეს გამოიყენოს საბაბად, რომ გავიდეს მოლაპარაკებიდან“, - აცხადებს მდინარაძე.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. ოპოზიციისთვის მთავარ მოთხოვნებად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დესტრუქციული ნაბიჯებით მოლაპარაკებების პროცესს თავად ოპოზიცია აფერხებს.