ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მისი განცხადებით, კვლავ იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ შესაძლოა ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმების მიღწევა არ სურდეს.
„ჩვენ გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ მაქსიმალურად შევაჯეროთ ყველა ის საკითხი, რაც შეიძლება იყოს განხილული მოლაპარაკების პროცესში და გვქონდეს შესაძლებლობა ვისაუბროთ შედეგიან მოლაპარაკებებზე. თუმცა, კვლავაც იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს შეიძლება სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს მოლაპარაკებებთან მიმართებით და პირიქით, მოქმედებდნენ დესტრუქციულად, მათ შორის, მოლაპარაკებებთან მიმართებით“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. ოპოზიციისთვის მთავარ მოთხოვნებად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ დესტრუქციული ნაბიჯებით მოლაპარაკებების პროცესს თავად ოპოზიცია აფერხებს.