მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია გვაძლევს შესაძლებლობას მოვიპოვოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ინფორმაციის შინაარსსაც. კერძოდ სისხლის სამართლის 158-ე მუხლით, პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის, ამ შემთხვევაში მოპოვება, უნებართვო მიყურადება და ზოგადად ჩაწერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ეს ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე. რაც შეეხება ამ კერძო ხასიათის ჩანაწერის გავრცელებას, ესეც უკანონოა და ითვალისწინებს ან ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ამასთან, იურისტმა განმარტა, რომ როცა საუბარია აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე, აქ აუცილებელია ამის გაჟღერებამდე დადგინდეს მისი აუთენტურობა. „რასაც მოსმენით ვერავინ დაადგენს და ამას სჭირდება სპეციალური ექსპერტიზა, როცა კომპლექსური კვლევა ტარდება. ხდება შეფასება, არსებული ვიდეო ან აუდიო ჩანაწერში საუბრის თანმიმდევრულობის წყვეტა ხომ არ არის. ესა სპეციალური პროგრამის ფარგლებში შესასწავლი მასალა, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის ექსპერტებმა უნდა დაადგინონ“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
იურისტის განმარტებით, ვიდრე მასალის აუთენტურობა არ დადგინდება, მანამდე სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია მოპოვებული, ფალსიფიცირებული „ფეიკ“ ინფორმაციის, ვიდეო და აუდიო ჩანაწერის გავრცელება ან ამის სხვაგვარად ხელის შეწყობა.